10.08.2026
თეგეტა გრინ პლანეტმა, თეგეტა აკადემიამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
image
image

თეგეტა გრინ პლანეტმა, თეგეტა აკადემიამ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

6 აგვისტოს თეგეტა გრინ პლანეტს, თეგეტა აკადემიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პიროვნული განვითარებისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ გარემოს დაცვის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე საგანმანათლებლო, საინფორმაციო, შემეცნებით და პრაქტიკულ ღონისძიებებს.

თეგეტა გრინ პლანეტი, საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, უზრუნველყოფს სამიზნე ჯგუფებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას, თემატური საგანმანათლებლო და საჭიროების შემთხვევაში, დასაქმების პროგრამების ხელშეწყობას, ასევე საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა თეგეტა აკადემიის ჩართულობაც. აკადემია ხელს შეუწყობს ავტოინდუსტრიის სექტორში არსებული პროფესიების გათვალისწინებით სასერტიფიკატო პროგრამებისა და მოკლევადიანი ტრენინგ-კურსების მიწოდებას და სურვილის შემთხვევაში, დასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობას.

თავის მხრივ, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო და დასაქმებისთვის მომზადების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მონაწილეთა ჩართულობასა და საჭირო სასწავლო გარემოს შექმნას.

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობა ეფუძნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, კეთილსინდისიერების, ანტიდისკრიმინაციული მიდგომისა და სტიგმატიზაციის დაუშვებლობის პრინციპებს.

თეგეტა გრინ პლანეტი, თეგეტა აკადემია და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ითანამშრომლებენ ერთი წლის ვადით და შესაძლებლობების ფარგლებში ერთობლივ პროექტებსა და აქტივობებს დაგეგმავენ.

მემორანდუმი კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია იმისკენ, რომ გარემოსდაცვითი განათლება, პროფესიული განვითარება და საზოგადოებაში რეინტეგრაცია ერთმანეთთან დაკავშირებულ, პრაქტიკულ შესაძლებლობებად იქცეს.

თეგეტა გრინ პლანეტი თეგეტა ჰოლდინგის გარემოსდაცვითი მიმართულებაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტორიზებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ორგანიზაციაა ავტონარჩენების მიმართულებით. 

ორგანიზაცია მუშაობს გამოყენებული საბურავების, ნარჩენი ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და სათანადო მართვის მიმართულებით და ხელს უწყობს საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე, ცირკულარულ ეკონომიკაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას. 

ამასთან, თეგეტა გრინ პლანეტი აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების პროექტებს, თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, რესურსების დაზოგვისა და ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვის კულტურის განვითარებას.