28.04.2026
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი, შალვა ახვლედიანი „რადიო უცნობს“ ესტუმრა

თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი, შალვა ახვლედიანი „რადიო უცნობს“ ესტუმრა

2026 წლის 15 აპრილს თეგეტა გრინ პლანეტის აღმასრულებელი დირექტორი შალვა ახვლედიანი რადიო უცნობის ეთერს ესტუმრა, სადაც მასთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდა ვეისთლესის თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი. გადაცემის მთავარი თემა იყო - „როგორ შეიძლება ნარჩენი გადაიქცეს რესურსად“, რაც თანამედროვე ცირკულარული ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ მიმართულებას ეხება.

ეთერში სტუმრებმა ისაუბრეს საავტომობილო ნარჩენების, განსაკუთრებით კი გამოყენებული საბურავების სწორად მართვის მნიშვნელობაზე და იმ ეკოლოგიურ თუ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო და საქართველოც დგას. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ საბურავი აღარ უნდა აღიქმებოდეს მხოლოდ გარემოსთვის საშიშ ნარჩენად - თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცირკულარული მოდელების პირობებში ის შესაძლებელია გარდაიქმნას ღირებულ რესურსად, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში ხელახალი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საბურავით მოდიფიცირებული ასფალტის თემამაც. სტუმრებმა ისაუბრეს საერთაშორისო პრაქტიკაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც საქართველოსთვის ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში შეიძლება რეალობად იქცეს. მათი განმარტებით, რეზინით მოდიფიცირებული ასფალტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე წარმატებით გამოიყენება, რადგან მსგავსი ტექნოლოგია გამოირჩევა გზის ზედაპირის გამძლეობით, მოძრაობისას ხმაურის შემცირებითა და ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებით. ამავდროულად, ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას და ხელს უწყობს ნარჩენების ეფექტიან მართვას.

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებსაც, რომლებიც საქართველოში უკვე გადაიდგა მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. სწორედ ამ პროცესის გაგრძელებად შეფასდა 2026 წლის 16 მარტს გამართული საერთაშორისო კონფერენცია - GRAS 2026 („საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის სამიტი 2026“), რომელიც თეგეტა გრინ პლანეტისა და ვეისთლესის ორგანიზებით თბილისში გაიმართა.

კონფერენციის მთავარი მიზანი მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო. ღონისძიებამ გააერთიანა სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებმაც იმსჯელეს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, გარემოსდაცვით გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვას ახლავს თან.

გადაცემა კიდევ ერთხელ გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის და ნათლად წარმოაჩინა, რომ ცირკულარული ეკონომიკა არა მხოლოდ ეკოლოგიური პასუხისმგებლობა, არამედ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და მდგრადი განვითარების საფუძველიცაა.

იხილეთ სრული ვიდეო: https://shorturl.at/d08KW