გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდისა და სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის ხელშეწყობის მიზნით, თეგეტა გრინ პლანეტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივით, ხობში საინფორმაციო და პრაქტიკული აქცია „არ გადაყარო, ჩააბარე“ გაიმართა.
27 ოქტომბერს ჩატარებული აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის, ავტომფლობელების, მძღოლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება და გარემოსდაცვით პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდა იყო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საავტომობილო ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვის მნიშვნელობისა და მათი სწორად ჩაბარების შესაძლებლობების შესახებ.
აქციის ფარგლებში ხობში სპეციალური ჩაბარების სივრცე მოეწყო, სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩაებარებინათ ექსპლუატაციიდან ამოღებული მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ნარჩენი ზეთები.
ღონისძიებაში ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და საზოგადოებაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მზარდ ინტერესზე მიუთითებს. მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა ცხადყოფს, რომ ნარჩენების სწორად მართვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პრაქტიკული შესაძლებლობების შექმნას მნიშვნელოვანი როლი აქვს გარემოსდაცვითი კულტურის განვითარებაში.
აქციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მგვ ორგანიზაციის როლზე სპეციფიკური ნარჩენების მართვის პროცესში, ჩაბარებული ნარჩენების შემდგომი მართვის ეტაპებსა და იმპორტიორების მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე.
ნარჩენების ჩაბარების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის წასახალისებლად აქციის მონაწილეებისთვის სიმბოლური საჩუქრებიც იყო გათვალისწინებული. ინიციატივამ ხელი შეუწყო თეგეტა გრინ პლანეტისა და UNDP-ის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას რეგიონში და ადგილობრივ ბიზნესთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გაძლიერებას.
თეგეტა გრინ პლანეტი UNDP-თან თანამშრომლობით რეგიონული კამპანიებისა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს. ორგანიზაციის მიზანია ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვის კულტურის განვითარება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობა.