24.09.2026
თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდნენ
image
image
image
image

თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლები დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდნენ

22 სექტემბერს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრა და პრაქტიკული ვორქშოფი გამართეს. შეხვედრის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებისა (მგვ) და ნარჩენების გადამუშავების პროცესის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ამ თემების დიზაინის მიმართულებასთან დაკავშირება იყო.


სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გზას გადის სპეციფიკური ნარჩენი მისი შეგროვებიდან საბოლოო დამუშავებამდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოყენებული საბურავების გადამუშავებას და იმას, თუ როგორ შეიძლება ნარჩენი ახალი რესურსისა და პროდუქტის შექმნისთვის საჭირო მასალად იქცეს.


ვორქშოფის ფარგლებში სტუდენტებს თეგეტა გრინ პლანეტის წარმომადგენლებმა რეალური ნიმუშებიც გააცნეს, რადგან ვორქშოფის ერთ-ერთი მთავარი თემა საბურავების გადამუშავებისა და დიზაინის ურთიერთკავშირი იყო. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გადამუშავებული საბურავებისგან მიღებული სხვადასხვა ზომისა და ფერის რეზინის ნიმუშები.
შეხვედრაზე სტუდენტებმა იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება გადამუშავებული საბურავისგან მიღებული მასალის გამოყენება ახალი პროდუქტების შესაქმნელად და რა როლი აქვს დიზაინს ამ პროცესში - ნარჩენისგან ახალი ღირებულების შექმნიდან პროდუქტის ფუნქციონალურ და ვიზუალურ იდენტობამდე.


შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა პრაქტიკული დავალებაც მიიღეს. მათი ამოცანაა, გადამუშავებული საბურავისგან მიღებული მასალის გამოყენებით შეიმუშაონ პროდუქტის კონცეფცია და შექმნან მისი სრული იდენტობა. დავალება სტუდენტებს საშუალებას მისცემს, დიზაინის ცოდნა რეალურ გარემოსდაცვით გამოწვევას დაუკავშირონ და თავად შეისწავლონ, როგორ შეიძლება ნარჩენი ახალი პროდუქტის შექმნის საფუძველი გახდეს.


თეგეტა გრინ პლანეტისთვის განათლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდებს უზიარებს ინფორმაციას სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და რესურსების ხელახალი გამოყენების შესახებ.


თეგეტა გრინ პლანეტი დიზაინის ინსტიტუტის მხარდამჭერია და მსგავსი თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გარემოსდაცვით თემებზე მუშაობა პრაქტიკულ და შემოქმედებით გამოცდილებას დაუკავშირონ.