თბილისის 142-ე საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით საკითხებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებში მდგრადი განვითარების პრინციპებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრას თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. თემის „მდგრადი მომავალი: გარემო, ტრანსპორტი და ენერგია“ ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვის, რესურსების გონივრულად გამოყენების, გარემოზე ზრუნვისა და განახლებადი ენერგიის მნიშვნელობის შესახებ.
საგანმანათლებლო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. პრეზენტაციების, დისკუსიებისა და გუნდური აქტივობების მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) სისტემას, მის დანიშნულებასა და გარემოს დაცვის პროცესში მის მნიშვნელობას. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს, როგორ შეუძლიათ მათ ყოველდღიური ქმედებებით ხელი შეუწყონ გარემოს დაბინძურების შემცირებასა და რესურსების დაზოგვას.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები ჩაერთნენ ეკოლოგიურ თამაშსა და პრაქტიკულ აქტივობაში, რომლებმაც მათ მიღებული ცოდნის უკეთ გააზრებასა და გარემოსდაცვითი საკითხების ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებაში შეუწყო ხელი. დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავტორიზებული მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) ორგანიზაციაა. ორგანიზაცია ხელს უწყობს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებითა და გადამუშავებით, რითაც გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებასა და კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას უწყობს ხელს.
ახალგაზრდების გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა თეგეტა გრინ პლანეტისა და შაინ ენერჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მიზნით სხვადასხვა სკოლაში იმართება საგანმანათლებლო შეხვედრები, რომლებიც მოსწავლეებს გარემოს დაცვის, რესურსების დაზოგვისა და მდგრადი განვითარების საკითხებს მათთვის საინტერესო და პრაქტიკული ფორმით აცნობს.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდებში გარემოზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას, რაც მდგრადი მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.