გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდისა და სპეციფიკური ნარჩენების სწორი მართვის ხელშეწყობის მიზნით, თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საინფორმაციო და პრაქტიკული აქცია „არ გადაყარო, ჩააბარე“ გამართა.
აქციის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის, ავტომფლობელების, მძღოლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების ინფორმირება და მათი ჩართულობის გაზრდა იყო. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ავტომობილის მეორადი ნარჩენების უსაფრთხო მართვის მნიშვნელობისა და მათი სწორად ჩაბარების შესაძლებლობების შესახებ.
15 სექტემბერს ზუგდიდში სპეციალური ჩაბარების პუნქტი მოეწყო, სადაც ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩაებარებინათ ექსპლუატაციიდან ამოღებული მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ნარჩენი ზეთები.
აქციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (EPR) პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო. შეხვედრის მონაწილეებმა გაიგეს, რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რა როლი აქვს მგვ ორგანიზაციას სპეციფიკური ნარჩენების მართვაში, როგორ ხდება ჩაბარებული ნარჩენების შემდგომი მართვა და რატომ არის მნიშვნელოვანი იმპორტიორების მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ავტორიზებულ მგვ ორგანიზაციაში გაწევრიანება.
ნარჩენების ჩაბარების პროცესში მოქალაქეების ჩართულობის წასახალისებლად აქციის მონაწილეებისთვის სიმბოლური საჩუქრებიც იყო გათვალისწინებული. ღონისძიებამ ასევე ხელი შეუწყო თეგეტა გრინ პლანეტის ცნობადობის ზრდას რეგიონში და ორგანიზაციას ახალი იმპორტიორი წევრების მოზიდვის შესაძლებლობა მისცა.
თეგეტა გრინ პლანეტი რეგიონული კამპანიებისა და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს ნარჩენების პასუხისმგებლიანი მართვის კულტურის განვითარებას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაძლიერებასა და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრების ხელშეწყობას.
თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მგვ სისტემა თანამედროვე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების მათ შორის, გამოყენებული საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების - სრულ ციკლს: შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას, ხოლო შემდგომ მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების შესაბამისად.